„მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი აქცია ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ“

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და ტრანსპორტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც ხელოსუფლება გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ვცდილობ კრიტიკისაგან თავი შევიკავო. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დუმილიც დანაშაულია.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი აქცია ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ.

ქვეყანაში არ არის გამოცხადებული საგანგებო მდომარეობა, შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ქალაქში ადამიანების მობილობა კვლავ მაღალია.

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ, გამოიწვია მგზავრთა ნაკადის მეტროსა და ავტობუსებზე გადართვა, რამაც პიკის საათში კოლაფსური მდგომარეობა შექმნა. გადაიტვირთა ავტობუსები, ავტობუსის გაჩერებები, მეტროპოლიტენი, განსაკუთრებით სადგურის მოედანი და მეორე ხაზზე გადასასვლელი სივრცე. ყოველივე ეს ზრდის ადამიანების დაინფიცირების რისკებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

საქართველოს მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, რომლის რისკებიც წინასწარ არ შეფასებულა, შექმნა რეალური საფრთხე, ვირუსის გავრცელების ტემპები კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, მოსალოდნელი შედეგები უნდა განსაზღვრო და მარტივი პრინციპით იმოქმედო, ის რაც თვლადია უნდა დაითვალო.

საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება:

თბილისის საქალაქო ტრანსპორტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, იზრდება მეტროს შემადგენლობის მოძრაობის სიხშირე და ემატება ავტობუსების რაოდენობა. რაც სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა სიმჭიდროვეს მინიმუმამდე შეამცირებს. ამავდროულად სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები, სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია, მგზავრებისთვის პირბადეების და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება.

ან ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური აქტივობა და იკლებს ადამიანების მობილობა. მოქალაქეებისთვის აღარ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს,“-წერს ურუშაძე.

თაია არდოტელი