"საქსტატის“ გეოინფორმაციული სისტემების (GIS) ანალიზის პორტალზე ამიერიდან ფასების სტატისტიკის მონაცემებიც იქნება ხელმისაწვდომი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტი ინტერაქტიული რუკების საშუალებით იძლევა გეოგრაფიული (სივრცითი) ანალიზისა და გამოკვლევის შედეგების სრულყოფილი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ანალიზის თვალსაზრისით.
„GIS ანალიზის პორტალზე დამატებული „ფასების სტატისტიკის“ მოდულის მეშვეობით შესაძლებელია გამოკვლევაში ჩართული რეგიონების მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებლის შედარება, ასევე ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში მონაწილე საქონლისა და მომსახურების წონების განსაზღვრა სამომხმარებლო კალათაში.
საქსტატმა გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკის წარმოების და გავრცელების პროცესებში რამდენიმე წლის წინ დანერგა. მისი გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში, იძლევა რეგიონული ანალიზის და გამოკვლევის შედეგების ვიზუალიზაციის საშუალებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რესურსების ეკონომიას, ამასთან, აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტეს და ხარისხს. მისი გამოყენებით შესაძლებელია აგრეთვე მონაცემთა შეგროვების და მონიტორინგის პროცესის გამარტივება.
GIS ანალიზის პორტალი, რომელიც შექმნილია გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) საფუძველზე, განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე. მომავალში იგეგმება მასზე სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის ასახვა და განახლება”,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ინფლაციის მონაცემები GIS ანალიზის პორტალზე: http://gis.geostat.ge/geomap/price.html#8/42.334/43.380