„საქსტატი“ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, „საქსტატი“ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის.

„საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ზოგიერთი გამოკვლევის ფარგლებში (შინამეურნეობათა და სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა), პირდაპირი ინტერვიურების მეთოდის სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვის მეთოდებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

„პირდაპირი ინტერვიურების (პირისპირ გამოკითხვის) დროს, საქსტატის ინტერვიუერები სტუმრობენ ოჯახების დიდ რაოდენობას, რაც ქმნის დაავადების გავრცელების რისკებს, როგორც საქსტატის თანამშრომლებისთვის, ისე რესპოდენტებისთვის.

შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქსტატი“ დროებით აჩერებს ინტერვიუერების ვიზიტს რესპონდენტებთან, ხოლო მონაცემთა შეგროვებას, უახლოესი თვეების განმავლობაში, განახორციელებს სატელეფონო ინტერვიუებისა და ონლაინ გამოკითხვის საშუალებით.

საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქსტატის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის 13 მარტიდან გადასულია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამასთან, განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.