სუპერმარკეტების ქსელებში აცხადებენ, რომ სასურსათო მარაგების პრობლემა და გასაყიდ პროდუქტზე ლიმიტების დაწესების საჭიროება არ არსებობს.
„ინტერპრესნიუსი“ სასურსათო მარაგების არსებული მდგომარეობისა და პროდუქციის ფასების შესახებ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს ესაუბრა.
როგორც „სპარის“ მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე პროდუქციის ფასები არ გაზრდილა და კომპანია არ გეგმავს ფასდადების პოლიტიკის შეცვლას, თუმცა თუ ლარის გაუფასურების გამო დისტრიბუტორები პროდუქციის ფასს გაზრდიან, ასეთ შემთხვევაში პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს.
„არსებულ მარაგებზე ფასები არ მოგვიმატებია. მოგეხსენებათ, ლარი დოლართან მიმართებაში ვერაა მყარად, შესაბამისად თუ მომწოდებელს ლარის გაუფასურების გამო გაუძვირდება იმპორტული პროდუქტი, ბუნებრივია შესაძლოა, ამან ფასის ცვლილება გამოიწვიოს. ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს ვუდგავართ გვერდით, პოლიტიკა არ შეგვიცვლია და არც შევცვლით, თუმცა თუ მომწოდებლებს პროდუქტი გაუძვირდათ და ძვირად მოგვაწოდეს, პროდუქტი შესაძლოა, იყოს ძვირი. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მთავრობასთან ერთად. გუშინაც განვიხილეთ ეს საკითხი, რომ ისინი აქტიურად ერთვებიან, რომ დისტრიბუტორებს და იმპორტიორებს არ შეექმნათ პრობლემა ლარის გაუფასურების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით პროდუქტები არ გაძვირდება“,-აცხადებს მანჯგალაძე.
მისივე თქმით, „სპარში“პროდუქციის გაყიდვის კატასტროფული ზრდა არ ფიქსირდება.
„ეს უფრო დიდი ფორმატის მაღაზიებში ფიქსირდება. ვფიქრობ, რომ ეს პანიკა დაემთხვა შაბათ-კვირის პერიოდს, როდესაც მომატებული შფოთვის დროს კიდევ უფრო ცოტა მეტად იყიდეს მომხმარებლებმა პროდუქცია. ამ ეტაპზე ჩვენ, ჩვენი ფორმატის მაღაზიებში, ლიმიტის დაწესების საჭიროებას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ მომხმარებელი იქცევა ჩვეულებრივად და იმდენივეს ყიდულობს, რამდენსაც ადრე“,-აღნიშნა „სპარის“ დირექტორმა.
„ნიკორაში“ კი აცხადებენ, რომ ზოგიერთ იმპორტირებულ პროდუქტზე, მათ შორის შაქარსა და წიწიბურაზე, ფასები გაიზარდა.
„ფასებმა გარკვეულ იმპორტირებულ პროდუქტზე მოიმატა, რაც ბაზარმა განაპირობა. მარაგებს რაც შეეხება, მარაგების პრობლემა არაა. ფასებმა მოიმატა წიწიბურასა და შაქარზე. ჯერჯერობით მარაგების ამოწურვის საფრთხე არ არსებობს, ამიტომ ლიმიტების დაწესება არ იგეგმება“,- აცხადებენ „ნიკორას“ პრესსამსახურში.
თავის მხრივ „კარფურის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე.
„გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული. პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „კარფურის“ ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში”,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ სავაჭრო ქსელებს მოუწოდა, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟური მოთხოვნით. „ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ”,-აღნიშნა თურნავამ.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ ბიზნესმენებს მიმართა, პროდუქტების რეალიზაციაზე შიდა კონტროლი დააწესონ, რათა „25 კოლოფი წიწიბურას“ ერთიანად შეძენა ვერავინ შეძლოს.