კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრობა შესაძლოა, 20%-ით გაიზარდოს

„აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების გამოყოფის გარეშე კორონავირუსის გამო ქვეყანაში უმუშევრობის დონე 20%-ით გაიზრდება“- ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მან რესპუბლიკური პარტიის წევრებს მოუწოდა ეკონომიკის სტიმულირებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას დაუჭირონ მხარი.

მნუჩინის თქმით, ეს თანხა აშშ-ის მოსახლეობას კრიზისის დამარცხებაში დაეხმარება და თითოეული მოქალაქე ფულად დახმარებას მიიღებს. ამასთანავე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ეკონომიკის წახალისებასა და ავიაკომპანიებს მოხმარდებათ, რომლებიც გაკოტრების პირას არიან.

„თუ სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ეკონომიკური ზარალი არამხოლოდ 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე მეტი იქნება, არამედ მან შეიძლება დიდ დეპრესიითა და მე-2 მსოფლიო ომით მიყენებულ ზარალსაც კი გადააჭარბოს“-განაცხადა მნუჩინმა.

ბექა ბერიაშვილი