შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვარქმევთ და არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს არის საგანგებო მდგომარეობა,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ იზრუნოს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და მეორე მხრივ, არ უნდა შეიქმნას ქვეყნის განვითარების შეფერხების საფრთხე.
„მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციებით, გარკვეულწილად შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტებს ვიყენებთ. კარგია, რომ საზოგადოება დაწესებულ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს იღებს სწორად. ყველას ესმის, რომ ეს საფრთხე არის სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ მიმართული. გუშინ პრემიერმა თქვა და მეც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა არსებულ გამოწვევას ვებრძოლოთ ჩვენი მთელი რესურსით და შესაძლებლობებით, თუმცა გვქონდეს მინიმალური ზარალი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და მოვახერხოთ ბალანსის დაცვა, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ქვეყნისთვის საჭირო სასიცოცხლო ელემენტები, რაც არ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.