საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური და ეკონომიკური ეფექტების შემცირებას.
„ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მანდატია და ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რომ ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში არაფერი დაემუქროს. სამოქმედო გეგმა შეესაბამება ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციებს. სამოქმედო გეგმა ასევე მიეწოდა კომერციულ ბანკებს. ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, ამასთანავე დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება.
საბანკო სექტორს არანაირი საფრთხე და რისკი არ ემუქრება. ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ პირობებშიც და ის ღონისძიებები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა გაატარა, საკმარის საფუძველს ქმნის რომ ეს შოკი, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს ფინანსურმა სექტორმა”,-აღნიშნა გვენეტაძემ.