ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების რესურსი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსის გარკვეული უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, მოსახლეობის მასიური ტესტირების რესურსი იქნება.

აღნიშნულის შესახებ ტიკარაძებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ჩინეთთან და კორეასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კვირის ბოლოს ე.წ. აგრესიული ტესტირებების ჩამოტანა შესაძლებელი იქნება, რომლის მეშვეობითაც ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა უკვე მოსახლეობის რაოდენობაში დავაფქისირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსის ფორმები მსუბუქად ექნებათ გამოვლენილი, ისინი სახლში მიიღებენ ოჯახის ექიმის მომსახურებას.

„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, აგრესიული ტესტირება უბრალოდ გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როცა ვაიდენტიფიცირებთ არის თუ არა, ქვეყანაში ეპიდემია.

კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით 80-დან 82%-მდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ექნებათ, ისინი მიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ სად მოხდება აგრესტიული ტესტირების ჩატარება, მინისტრი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით „კონკრეტულ გეგმას ამუშავებენ და მას შემდეგ, რაც პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან, საზოგადოებისთვის დეტალური გეგმა გახდება ცნობილი“.