კორონავირუსის გამო, საქართველოში შეფუთულ პროდუქტებზე მოთხოვნა 20-30%-ით გაიზარდა. საუბარია, დაფასოებულ ხილსა და ბოსტნეულზე, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმე კოპანია აწარმოებს.
როგორც კომპანია „უჯაფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქვეყანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ პროდუტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
„მნიშვნელოვნად არა, თუმცა ქვეყანში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ „უჯაფოს“ პროდუქტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ამჟამად ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით 5 ქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი“,- ამბობს გიორგი ტორონჯაძე.
ცნობისთვის, კომპანია „უჯაფო“ ბაზარზე დაჭრილი, შეფუთული კარტოფილით გამოჩნდა. მოგვიანებით, წარმოებას გარჩეული ბროწეული, დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, ანანასი და ა.შ. დაამატა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ საკუთარი პროდუქტები საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ პირებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
შეფუთულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ კიდევ ერთ კომპანიაში „ჰერბია“, რომელიც დაფასოებულ ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებს. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, ბოლო პერიოდში მათ პროდუქტებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა.
„ჩვენი კომპანია ჯამში, 15 დასახელების დაფასოებულ პროდუქტს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, „ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა“,-აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო შეფუთულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.
როგორც გამოცემა EastFruit წერს, ბოლო თვის განმავლობაში ადამიანები დახლებზე განთავსებული ხილისა და ბოსტნეულის შეძენისგან თავს იკავებენ და უპირატესობას სწორედ დაფასოებულ პროდუქტს ანიჭებენ.
გამოცემის ინფორმაციით, კარანტინის პირველივე დღეს უკრაინაში მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა და შეფუთული საკვები დახლებიდან მთლიანად გაქრა. დახლებზე პირდაპირ განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს კი მომხმარებლები უნდობლად უყურებდნენ, რადგან მათ მაღაზიაში მიტანამდე და შემდეგაც, შესაძლოა, ათობით ადამიანი შეეხო.
სტატიის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია უკრაინის გარდა უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეინიშნება და შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა შეფუთულ მდგომარეობაში გაიყიდოს.