ეკონომიკურ ბლოკს დავალება მიეცა, რომ პოსტკრიზიკული გეგმა წარმოადგინონ

ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დავალება, წარმოადგინონ პოსტკრიზიკული გეგმა, რაც ქვეყანას, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორს და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ ეკონომიკაში არსებული პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სახელმწიფო უკვე ფიქრობს დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე.

„თქვენ იცით, რომ ეკონომიკურ ბლოკს ჰქონდა გათვლები თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით ამ გამოწვევას. თუმცა, მათ კიდევ დამატებითი დავალება მიეცა იმის თაობაზე, რომ მათ წარმოადგინონ პოსტკრიზიკული გეგმა, რომელიც ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს, მოქალაქეებს, სახელმწიფო სექტორს და ბიზნესს მოამზადებს იმისთვის, რომ როდესაც კრიზისი იქნება დაძლეული, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად დავიბრუნოთ ის პოზიციები, რომელიც ეკონომიკაში გვქონდა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სუბიექტებს დაბრუნდნენ ისეთ აქტივობებში და ისეთ ბიზნესგარემოში, რომელიც მათთვის აქამდე იყო ჩვეული. შესაბამისად, დამატებითი სტიმულირების მექანიზმებზე სახელმწიფო უკვე ფიქრობს მას შემდეგ, რაც უკვე ეს კრიზისი იქნება გადალახული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.