მცხეთის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის დამისამართება დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის დამისამართება დაასრულა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მუხათგვერდის, კარსანის, ხეკორძის, სათოვლეს, სასხორის, ახალი ნიჩბისის, ქვემო ნიჩბისის, ზემო ნიჩბისის, ლისის, წოდორეთის, ძალაანთხევის, ტაბარუკის, ლელობის, ბევრეთის, მსხალდიდის, მუხათწყაროს, ნაფეტვრების, ნახშირგორის, ქსოვრისის, ვარდისუბნისა და ვაზიანის აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, სოფლებში არსებული სამისამართო მონაცემების აღწერა-ინვენტარიზაციისთვის სააგენტომ სხვადასხვა პრაქტიკული და საველე სამუშაო შეასრულა: აღიწერა ქუჩები, დაინომრა სახლები, შეგროვდა ინფორმაცია ქუჩების მიმართულებების, გზის საფარის ტიპების, სხვადასხვა ობიექტისა და შენობის შესახებ. მცხეთის მუნიციპალიტეტის დამისამართება კვლავაც გრძელდება და ის 62 სოფელს სრულად მოიცავს.

დამისამართების პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება.

ამ ეტაპზე უკვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20 ქალაქის დამისამართება აქვს დასრულებული. გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.