ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ჯერჯერობით მთავრობას არ აქვს რეკომენდაცია, რომ დიდი სავაჭრო სივრცეები დახუროს ან მათი ფუნქციონირება შეზღუდოს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინასწარ იმის თქმა, ბიზნესის შეზღუდვის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, რთულია.
„ჩვენ წინასწარ ვერ გეტყვით, სხვადასხვა ბიზნესის შეზღუდვის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. აქაც მივყვებით ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღია სივრცეები არის შედარებით უსაფრთხო და ამ ეტაპზე ამ ნაწილში ჩვენ რეკომენდაციას არ ვიძლევით. თქვენ ხედავათ, რომ ეტაპობრივად ვაფართოებთ იმ ბიზნესების ჩამონათვალს, რომელიც არის მიჩნეული შედარებით მაღალი რისკის მატარებლად. გამომდინარე იმ პრიორიტეტიდან, რომ ჩვენთვის მთავარი ჩვენი მოაქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, ამას ეტაპობრივად გაცნობებთ“, - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორს, როგორც მინისტრმა განაცხადა, ისინი დღეს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ იმყოფებიან და „ალბათ, რაღაც გარკვეული კომუნიკაცია შედგება“. „თუმცა, უახლოეს პერიოდში ჩვენ მათთან კომუნიკაციას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა თურნავამ.