„ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოლოდინების მართვისკენ არის მიდრეკილი“- არის თუ არა სებ-ის პოლიტიკა ეფექტიანი ლარის კურსთან მიმართებით

„ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოლოდინების მართვისკენაა მიდრეკილი“- ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი აპირებს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდოს, ამასთანავე, მსოფლიო სავალუტო ფონდიც აცხადებს მზადყოფნას, რომ გარკვეული ფორმით დაეხმაროს საქართველოს. ეს ყველაფერი იმისათვისაა საჭირო, რომ უარყოფითი მოლოდინები ვმართოთ. ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გამო. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი არის მოლოდინი, რომელიც შეიქმნა იგივე ნავთობის ფასის კლებით, ასევე ჩვენს რეგიონში არსებული ვალუტების გაუფასურებით, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკვე ჩვენი ვალუტის გაუფასურებაშიც.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ უარყოფითი მოლოდინების გაჩენამდე პროცესები საქართველოში შედარებით კარგად მიმდინარეობდა. ლარი უკანასკნელი ორი თვის განამვლობაში მყარდებოდა კიდეც, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა როდესაც ნავთობის ფასის ვარდნა დაიწყო“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ სებ-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დააანონსა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სებ-მა ლარის კურსის ვარდნის გამო 20 მლნ დოლარი 13 მარტს უკვე გაყიდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე