ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ღია ბაზრები არ დაიხურება

ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკოსების რეკომენდაციით, ღია ტიპის სავაჭრო სივრცეები გაცილებით ნაკლებ რისკს შეიცავს.

„ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს. მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებ რისკიანია, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაშვებია. რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულ სცენარსაც კი, რომელიც არ არის ჯერჯერობით ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი, ამ შემთხვევაშიც სურსათით მომარაგება, იცით, რომ არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, არც საქართველოში არ იზღუდება და არ შეიზღუდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.