მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავითარი რისკი არ არსებობს, რომ ან ფასები გაიზარდოს მნიშვნელოვნად ან მარაგების კუთხით რაიმე პრობლემა შეგვექმნას - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.
ის იმედოვნებს, რომ ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, არ მოუწევს ბიზნესისთვის რაიმე კონტროლის დაწესება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გლობალური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესი იყოს მათ შორის, რა თქმა უნდა, მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ თან სოლიდარული თავისი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც მარაგები, ასევე ფასები იყოს აბსოლუტურად გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავითარი რისკი არ არსებობს, რომ ან ფასები გაიზარდოს მნიშვნელოვნად ან მარაგების კუთხით რაიმე პრობლემა შეგვექმნას. ყოველდღიურად ჩართული ვართ და ვაკონტროლებთ, რომ მიწოდების ჯაჭვის ყველა სეგმენტი ეფექტურად მუშაობდეს. ჩვენი ინფორმაციით, სააფთიაქო გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მაგრამ ფასების ზრდა იყო გამოწვეული ობიექტური მიზეზებითაც, იმიტომ, რომ გარკვეულ პროდუქტებზე შეიქმნა დეფიციტი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი ამოცანაა ეფექტიანი თანამშრომლობა და მე მჯერა, რომ სახელმწიფოს არ დასჭირდება ისეთი ზომების მიღება, რომ რაიმე ტიპის კონტროლი დაუწესოს ბიზნესს, იმიტომ, რომ კომუნიკაცია არის ეფექტიანი ბიზნესთან, არის ყოველდღიური და არავითარი საჭიროება არ დადგება იმის, რომ სახელმწიფო ჩაერიოს," - განაცხადა დაუშვილმა.