საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრძანების ამოქმედებიდან, სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს. რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მადლობას უხდის.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ - ბიზნესსექტორმა და მომხმარებელმა, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც სურსათის მიწოდებისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს. სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების შესრულებაზე 1200 ბიზნესოპერატორი გადაამოწმა.