ბიზნესომბუდსმენის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 30-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ სურვილი გამოთქვა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, გვერდში დაუდგეს მოქალაქეებს და სახელმწიფოს.
როგორც მიხეილ დაუშვილმა განმარტა, ხელშეწყობის სურვილი სხვადასხვა სექტორის კომპანიებმა თავად გამოთქვეს, კერძოდ კი, დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების დახმარების მხრივ, ასევე, კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მხრივაც, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, მათ სხვადასხვა სახის პროდუქცია მიაწოდონ.
„ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური მაგალითი. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ასეთ გამოწვევასთან ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე ერთად იდგნენ, იმიტომ, რომ ეს ერთობლივი გამოწვევაა და არა ცალკე აღებული რომელიმე სექტორის მიმართულებით. რეალურად ეს ადამიანები და კონკრეტული კომპანიები თვითონ დაგვიკავშირდნენ.“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.