გაზსაცავის პროექტი ინვესტორის გარეშე იწყება

საცავის მოცულობა 230-250 მილიონი კბ/მ იქნება, რაც საქართველოში მთლიანი წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს

გაზსაცავი სამგორის სამხრეთი თაღის საბადოსთან აშენდება. ჯერჯერობით ინვესტორი არ ჩანს, თუმცა ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, გაზსაცავი სახელმწიფო ინვესტიციით აშენდება თუ კერძო ინვესტიციით. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გაზისა და ნავთობის კორპორაცია ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობას დაასრულებს.

გუშინ კორპორაციის ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით, სამგორის სამხრეთი თაღი საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობისთვის ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მოცულობა 230-250 მილიონი კბ/მ იქნება, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

კორპორაციაში განმარტავენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. კერძოდ, უზრუნველყოფს ქვეყნის გაზით მომარაგებას კრიტიკულ სიტუაციებში.

კორპორაცია, უახლოეს პერიოდში დაიწყებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობას. თუკი აღმოჩნდება, რომ გაზსაცავი კომერციულად მომგებიანია, მაშინ სახელმწიფო კერძო ინვესტორის მოძიებას შეუდგება. თუ გადაწყდა, რომ გაზსაცავს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მაშინ მშენებლობისთვის თანხის გაღება სახელმწიფოს მოუწევს.

”რეზონანსი” უკვე წერდა, რომ თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ 500-მილიონიანი ევროობლიგაციის გამოშვება გაზსაცავების მშენებლობის დაფინანსებით ახსნა, თუმცა, საბოლოოდ, ამ თანხის დიდი ნაწილი სოციალურ ხარჯებს მოხმარდა. მოგვიანებით, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოები დანიურ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ეს საკითხიც დაიხურა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი და შესწავლითი სამუშაოები, რომელთა შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება დადგინდეს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა და დეტალები. რაც შეეხება გაზსაცავის სავარაუდო ღირებულებას, ჯერ ეს დეტალები უცნობია.

”ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული საკანონმდებლო საფუძვლების ჰარმონიზაციის ვალდებულება, მათ შორის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობა, გაზსაცავის მოცულობისა და სხვა პარამეტრების ხელახალ გადაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, ინფორმაცია როგორც ოპტიმალური მოცულობის, ისე ღირებულების შესახებ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გაირკვევა”, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა ”რეზონანსთან” საუბარში.

ექსპერტთა განცხადებით, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის გაზსაცავის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა თავიდან აირიდებს პრობლემებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაზის მოწოდების გაუთვალისწინებელ შეწყვეტას (გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფით, ავარიის ან მესამე მხარის დივერსიული ჩარევის შედეგად). ეს ყველაფერი კრიზისული მოვლენების განვითარებას გამოიწვევს ქვეყნის ენერგეტიკის, ინდუსტრიულ და საყოფაცხოვრებო სექტორებში.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის წინასწარი ტექნიკური პროექტი საქართველოში პირველად 1992 წელს გერმანელებმა დაამუშავეს. პროექტი, სწორედ, სამგორის სამხრეთ თაღზე 505 მილიონი კბ/მ-ის საერთო და 230 მილიონი კბ/მ აქტრიური მიწისქვეშა მოცულობის გაზსაცავის მოწყობას ითვალისწინებდა. ამ პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელების მიერ დამუშავებული პროექტი დღესაც მისაღებია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”