ეკონომისტების გათვლებით, 1976 წლიდან მოყოლებული, ჩინეთის ეკონომიკა წელს ყველაზე დაბალი ტემპით გაიზრდება. 12 ეკონომისტის მოსაზრებით, ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 3.4 პროცენტი იქნება, ეს კი მაო ძედუნის გარდაცვალების (1976 წელს) შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რა თქმა უნდა, ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა, რის გამოც, ქვეყნის ეკონომიკა, წლის პირველ ორ თვეში ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. ორშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მკვეთრად არის შემცირებული არამხოლოდ წარმოება, არამედ საცალო გაყიდვებიც და ინვესტიციებიც. ამასთან, ყველა მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული.
უფრო მეტიც, პროგნოზების შესაბამისად, ვითარება არც მომდევნო თვეებში გაუმჯობესდება, რადგან მართალია, ჩინეთი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, მაგრამ მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების აქტივობა უკიდურესად დაეცა, რაც ჩინეთის სტატისტიკაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
12 ანალიტიკოსის ვარაუდით, პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტით შემცირდება. ასეთი რამ კი ამ ქვეყანას 1990 წლის შემდეგ არ ჰქონია.