კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

„აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან დისტანციურად, ვიდეო ჩატის საშუალებით, ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.