ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ასევე, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, შეიზღუდა და შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლში მიმდინარე ღონისძიებებზე საუბრისას გააკეთა.
,,რეგიონში არსებული სტატისტიკა ამგვარია - შიდა ქართლში, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 57 ადამიანი, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კი, მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშაა 55 პირი. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცავებთან, რათა კოორდინირებულად მოვახდინოთ ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალზე დაბალ დონეს ამჟღავნებენ და ცდილობენ, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება თვითიზოლაციის წესების დარღვევით. დღეს და ხვალ, ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ესეც, ბუნებრივია, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხეები. ასევე, გვესმის, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა, ისევ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, შეიზღუდა და შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდვაში იგულისხმება როგორც რაოდენობა, ასევე, მიმართულებები და მოძრაობის სიხშირე. ყველა ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, კიდევ უფრო შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.