სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება აღარ ეძლევა და ის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სხვა პირით იცვლება, ასევე, საბაჟო -გამშვებ პუნქტზევე, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინი ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაცაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მიზნით იმყოფება, ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას.
გარდა ამისა, საქართველოში იმპორტის მიზნით შემოსულ სატვირთოს უტარდება დეზინფექცია.
"საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე; ხოლო, რაც შეეხება იმპორტს, ხორციელდება შემდეგი პროცედურები:
ახალი კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;
ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება," - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
რაც შეეხება საქართველოს დანიშნულებით შემოსულ სატვირთოს მძღოლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების სამართვად სხვა პირით ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთს ვერ გადმოიტანენ, თუმცა შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, სატრანსპორტო საშუალების უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილებისა და საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის თაობაზე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე უთხრეს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მოწყობილია საკარანტინე სივრცეები. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა შესაბამისი წესების დაცვით ხორციელდება.