საქართველოში მიტანის სერვისზე მოთხოვნა 20-დან 28%-მდე გაიზარდა. კომპანიებში ამის მთავარ მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ და არ გამორიცხავენ, რომ ზრდა კიდევ მოხდეს. შესაბამისად, კომპანიების ნაწილს კადრების დამატება მოუწია და კურიერებიც ექსპრეს რეჟიმში აჰყავს.
როგორც კომპანია Momitane.ge-ში „ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას განცხადეს, კორონავირუსის გამო, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
„ჩვენი მომხმარებლთან რაოდენობა გაიზარდა, თუმცა საგრძნობლად არა. დაახლოებით 20-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, განსაკუთრებით დედაქალაქში“ - აცხადებენ კომპანიაში.
გაზრდილ მოთხოვნაზე Wolt-შიც საუბრობენ. როგორ კომპანიის გენერალური დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, Wolt-ი მიტანის სერვისს უკვე სუპერმარკეტებიდანაც ამატებს.
„ჩვენი ბიზნესი ყოველთვის მზარდია, აქედან გამომდინარე მოთხოვნა სტაბილური ტემპით იზრდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამო, განსხვავება არის, თუმცა თვალსაჩინოდ არა. ჩვენ მომხმარებლებს ბათუმსა და თბილისში ვემსახურებით, თუმცა მოთხოვნა უფრო მეტად დედაქალაქში გვაქვს. მიუხედავად ამინდისა, შეუფერხებლად ვმუშაობთ.
უახლოეს დღეებში, სუპერმარკეტებიდან პროდუქტების მიტანის სერვისსაც დავამატებთ. ამ მიმართულებით, მაქსიმალურად განვითარებას ვაპირებთ. ყოველთვის ვამატებდით და ახლაც ბოლო რამდენიმე კვირაა პარტნიორი კურიერების დამატებას ვაგრძელებთ, რადგან ვიცით, რომ პოტენციურად მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ გვინდა, რომ ყველა მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ.“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მოთხოვნის 28%-იანი ზრდა აქვს უკვე Menu.ge-ს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამოძახებების რაოდენობა კიდევ მატულობს, ამიტომ Menu.ge დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის.
„გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დამატებითი კურიერები ექსპრეს რეჟიმში აგვყავს. ვისაც ამ მიმართულებით დასაქმება სურს, კომპანიის ვებ-გვერდზე განაცხადი უნდა შეავსოს“, - განაცხადეს Menu.ge-ში.