პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმციას „გუდვილი“ ეხმაურება.
სუპერმარკეტების ქსელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და საყოველთაოდ მომატებული დაძაბულობის გამო, გვინდა ვუპასუხოთ Alternative/ალტერნატივა-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გუდვილის ფასების შესახებ.
ვაცხადებთ რომ, ვიდეოში ხდება რეალური ინფორმაციის დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტირება. ასაწონი პროდუქცია (რომელიც არ ექვემდებარება შემდგომში რეცხვას) - ხარისხის სტანდარტებიდან გამომდინარე გუდვილში არ იყიდებოდა და არ იყიდება;
ბოსტნეული, მწვანილი - გასაყიდი ფასი დამოკიდებულია შესასყიდი ფასის ცვლილებაზე, რომელიც იცვლება ყოველდღე, გუდვილს არ მოუხდენია ამ კატეგორიაზე მოგების ზრდა. ვიდეოში გაჟღერებული ფასი მცდარია (გაჟღერდა: მწვანილი 1კგ - 14ლ, სინამდვილეში 1 კგ მწვანილის და სალათის ფასი იწყება 4.80ლ-დან);
„მარშეს” წარმოების ძეხვეული - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მარტის განმავლობაში ამ კატეგორიაზე ფასები არ გაზრდილა;
პური - ფასი არ არის გაზრდილი;
ქიმია პარფიუმერია - გუდვილში წარმოდგენილია ,,სუფთა სახლიში" მოქმედი ფასები და აქციები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ფასები ამ კატეგორიაში;
წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი - გუდვილი დღემდე ინარჩუნებს სტაბილურ ფასებს. ჩვენთან წარმოდგენილ თითოეულ პროდუქტზე არის დიდი არჩევანი. ყოველთვის ვცდილობთ რომ მომხმარებელს შევთავაზოთ დაბალი, საშუალო და მაღალი ფასის სხვადასხვა პროდუქტი.
მომხმარებელმა თავად უნდა აირჩიოს რომელი ფასის, ქვეყნის, ბრენდის და მწარმოებლის პროდუქტის შეძენა სურს.
გვინდა აღვნიშნოთ რომ სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის გასაყიდი ფასის ცვლილება დამოკიდებულია მოწოდების ფასზე! მიუხედავად ამისა, გუდვილი მაქსიმალურად ეცდება მომავალშიც ფასების შენარჩუნებას. მოსახლეობას ვთხოვთ შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ აყვეს ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას,“- ნათქვამია განცხადებაში.