საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სრულ მზაობას გამოთქვამს სიტუაციის შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით.
როგორც მან კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი ტესტის მარაგები შეიქმნას.
„ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა, ასევე, არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათში კიდევ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცნო სექტორმა. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენებს, კერძო კლინიკების წარმომადგენლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ადგილობრივად დაიწყო პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების წარმოება, რაც მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩიათ იმ ადამიანებს, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა, იმ ადამიანის, ვინც ჩვენი მოქალაქეა და ჩვენს ქვეყანაშია. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას მარაგები სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.