„ადამიანებს სამუშაოდან უშვებენ, ან პირიქით აიძულებენ მათ, იმუშაონ საფრთხის შემცველ პირობებში არადისტანციურად"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხიდან გამომდინარე მოქალაქეების სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლება ან საფრთხის შემცველ პირობებში არადისტანციურად მუშაობის იძულება ხდება.

ანა დოლიძის განმარტებით, ის მოხალისე იურისტებთან ერთად ქმნის სამართლებრივ სივრცეს, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს იურისტები კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ.

„ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მცდელობების, რომ ერთად, დროულად გადავლახოთ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. მე ამ პერიოდში მომმართა უამრავმა ადამიანმა იმ ინფორმაციით, რომ ხდება მასობრივი გათავისუფლება. ადამიანებს სამუშაოდან უშვებენ სახლში, ან პირიქით აიძულებენ მათ, იმუშაონ საფრთხის შემცველ პირობებში არადისტანციურად. ამ სიტუაციაში, მომავალშიც მოსალოდნელია ვითარების გართულება, ვინაიდან გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს. გაუჭირდება ბიზნესს, გაუჭირდება დამსაქმებელს, თუმცა ამ ვითარებაში იქნება ძალიან ბევრ სამართლებრივი გაურკვევლობა, ხალხმა ხშირად არ იცის საკუთარი შრომითი უფლებები, არ აქვს ინფორმაცია ამ პროცესში რა კომპენსაცია ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის. შესაბამისად, გამოვხატავთ რა ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, მე მოხალისე იურისტებთან ერთად ვქმნი სამართლებრივ სივრცეს ხალხისთვის, რომლის მიზანი იქნება უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ჩვენს მოქალაქეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო საათების განმავლობაში მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დარეკონ ნომერზე: 579 18 37 81. მათ აქ დახვდებათ კომპეტენტური იურისტი, რომელიც აუხსნის სამართლებრივად მის ვითარებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.