კორონავირუსის გამო, შეზღუდვები შესაძლოა, სავაჭრო ცენტრებსაც დაუწესდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა, სხვა სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში სოციალური დისტანცირების მექანიზმის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სამი კვირა გავიდა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემოსვლიდან, ამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყანამ იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების. დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა პრემიერს ის ღონისძიებები გააცნო, რაც ტარდება, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღინისძიებები ქვეყანაში. გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ. სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით. პრემიერმა უწყებებს დაავალა დღის ბოლომდე ზომების კიდევ უფრო შესაძლებელ გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა გამყრელიძემ.