ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემილოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აწამორებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ძირითადად ევროპის ქვეყნებში და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოში საქართველოს ოცამდე მოქალაქეა მოთავსებული. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია. როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა, ესპანეთში. ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის განცხადებით, დღეს 197 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან.

„დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი. კარანტინში დღეისთვის 1344 ადამიანია და თვითიზოლაციაში 1446. დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან ანუ მათ გაუვიდათ ორკვირიან ვადა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.