ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ მოხდება უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.
„პირველ რიგში, ჩვენ აქამდეც, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმის კვალობაზე, თუ როგორ იკეტებოდა მიმოსვლა, ვახერხებდით და ჩამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. დღეს როდესაც ძალიან გართულებულია კომუნიკაცია მთლიანად მსოფლიოში და პრაქტიკულად, თითქმის ყველა ავიაკომპანიამ უკიდურესად შეზღუდა ფრენები, ჩვენ ვტოვებთ ბაზარზე და მხარს ვუჭერთ „აირზენას“, რომელიც შეასრულებს, გარდა თავისი რეგულარული ფრენებისა, ასევე გარკვეული მიმართულებით კომერციულ ჩარტერებს. იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი საზრუნავი არის ის მოქალაქეები, რომლებიც არიან დარჩენილი უცხოეთის ქვეყნებში და ჩამოსაყვანია, მაგრამ ასევე ჩვენი უკიდურესად მაღალი რანგის პრიორიტეტია საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ამიტომ დაბრუნებულებს უნდა დავახვედროთ საკარანტინო სივრცეები. ასევე, საგანგებო შტაბის დახმარებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკონტრაქტებს სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვხვდებით ამ მოქალაქეების დაბრუნებას. ორგანიზებულად ხდება ეს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა თურნავამ.