საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის, საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟუნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რამდენად არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება, ეს მთავრობამ უნდა შეაფასოს.
"საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ყველაზე კარგად ამის აუცილებლობას უნდა მიხვდეს მთავრობა, რომელიც ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ და ჩვენი თითოეული მოქალაქე. თუმცა, ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა. საგანგებო მდგომარეობას მოჰყვება სხვა სირთულეები, მათ შორის, ეკონომიკის გაჩერების სახით, ამიტომ როდის უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს უნდა შეაფასოს მთავრობამ და მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ რა დახმარების პაკეტს შესთავაზებს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს. საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის. ადამიანი, რომელიც ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს - 60 000 ტაქსია საქართველოში და აქედან 30 000 თბილისში და როცა ის სახლში დარჩება, უნდა იცოდეს, რომ შუქი არ გამოერთვება და წყალს არ გაუთიშავენ. საგანგებო მდგომარეობას უნდა ახლდეს მომზადებული ფინანსური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პაკეტი. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.