საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ.
„ეს, ბუსნებრივია, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.