საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაკონტროლდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სურსათის მარაგებთან, სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ სამინისტროს დაევალა საგანგებო რეჟიმში, რომ არ იყოს შეფერხება მიწოდებაში და მეორე მხრივ, ფასები ადეკვატური და ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის.
ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობდით საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გავაკონტროლებდით ფასებს. ეს არის 9 მნიშვნელოვანი პროდუქტი. რადგანაც საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი ჩამოგითვლით: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა ორი სასურსათო პროდუქტი - წიწიბურა და ლობიო. ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიციები. ზუსტად ამიტომ ჩვენ დეტალებზე გუშინ არ ვისაუბრეთ.
განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითდი ნაწილის სასურსათო მომარაგება. ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ. დღის განმავლობაში ავამოქმედებთ ამ მექანიზმს, თუმცა, უკვე შეთანხმება შედგა მსხვილ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რომ ისინი უკვე გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებდნენ ფასებს და არ მოხდებოდა გაძვირება. თუმცა, იცით, რომ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება. ამაზე ჩვენ გვექნება მონიტორინგი“, - განაცხადა დავითაშვილმა.