საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მრიცხველების დისტანციური წაკითხვის წესი შეიმუშავა. როგორც სემეკიდან იუწყებიან, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, ეძლევათ შესაძლებლობა, კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით მიაწოდონ.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის შესახებ მოქალაქეების დეტალურ ინფორმირებას, მათ შორის მრიცხველის ჩვენების მიწოდების პერიოდულობაზე, კომუნალური მომსახურების კომპანიები უზრუნველყოფენ.
„დისტანციურ წესთან დაკავშირებით სემეკის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება, მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა სოციალური დისტანცირება და ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციის მინიმუმამდე დაყვანა. აღნიშნულის დაცვა შეუძლებელია გამანაწილებელი კომპანიების/მიმწოდებლების მიერ მომხმარებლის საცხოვრებელ ფართში დამონტაჟებული მრიცხველიდან ჩვენების აღებისას. შესაბამისად, სემეკი მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური მეთოდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.