”ომგამოვლილი” გზავნილების რიცხვი თანდათან მცირდება

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილებით ირჩენს თავს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დღემდე ძალაში რჩება. ევროკავშირის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს ქვეყანა სრულყოფილად არ ასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს, სწორედ ამიტომ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები თითქმის ყველა ქვეყანამ გაამკაცრა. ეკონომიკური სანქციები თავდაპირველად რუს მაღალჩინოსნებს შეეხო, ხოლო შემდეგ - ნავთობკომპანიებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ნავთობმრეწველობას და კომერციულ ბანკებს. გარდა ამერიკისა და ევროკავშირისა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთიმეორის მიყოლებით გაამკაცრეს ავსტრალიამ, კანადამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა. ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალვა დააწესა ინვესტიციებზე ყირიმში. თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს ჩინეთიც.

რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების აზრით, დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს. სანქციების პირველი ტალღა 2014 წელს ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს, რასაც ვითარების შემდგომი გართულება მოჰყვება. მათი ანგარიშით, ზარალი წელიწადში სულ მცირე, 200 მილიარდს მიაღწევს.

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები ყოველთვის ჰპოვებს გამოძახილს საქართველოს ეკონომიკაზე და სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის ბიუჯეტზეც.

სოსო არჩვაძე: რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ერთი შეხედვით, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქართულ ეკონომიკას ნაკლებად აზიანებს, მაგრამ ეს ზერელე შთაბეჭდილებაა: მართალია, რუსეთმა ევროპიდან ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა, საქართველოს კი ემბარგო აღარ შეხებია, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს და ეს საფრთხე არაპირდაპირია.

საფრთხეებს შორის უპირველესად სოსო არჩვაძეს რუსეთში მცხოვრები ქართველები მიაჩნია: ”რუსეთში ათასობით შრომითი მიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის ქართველებიც ბლომად არიან. მათი შემოსავლის წყარო ძირითადად რუსეთის ეკონომიკაა, რადგან ისინი იქ საქმიანობენ და ანაზღაურებასაც იქ იღებენ. ამიტომ, რუსულ ეკონომიკაში შექმნილი ნებისმიერი პრობლემა, კრიზისი, რეცესია საფრთხეს უქმნის ათეულობით ათას ადამიანს, რომელიც თავისი გზავნილებით საქართველოში ოჯახებს ინახავს”-  ამბობს ექსპერტი.

ცნობილია, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან მრავალი ოჯახის საარსებო წყაროს წარმოადგენს და მიმღებ სახელმწიფოში სიღარიბის დონეს ამცირებს, მაგრამ რამდენადაც დიდია ფულადი გზავნილების წილი ქვეყნის ეკონომიკაში, იმდენად მაღალია მიმღები ქვეყნის დამოკიდებულება დონორი ქვეყნის ეკონომიკაზე. კერძოდ, ეკონომიკური კრიზისი დონორ ქვეყანაში სერიოზულად ამცირებს მიმღებ ქვეყანაში გადარიცხულ ფულად ნაკადებს. მაგალითად, შარშან რუსეთიდან საქართველოში 800 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა, ეს ოფიციალური ციფრია და მასში არ შედის ”ჩემოდნით”, ან პირადად ჩამოტანილი ფული. შარშანდელთან შედარებით წელს 5,2 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილების შემოსვლა საქართველოში. შეიძლება ფულის ნაკადი რუბლებში არ შემცირებულა, მაგრამ რუბლი გაუფასურდა და ეს შემოსულ თანხაზეც აისახა.

სპეციალისტების ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის ეკონომიკა წელს 10 და მეტი პროცენტით შემცირდეს, ასეთ პირობებში სამუშაოს დაკარგვის საფრთხე უფრო მეტი აქვთ ქართველებს, ვიდრე რუსეთის მკვიდრ მოსახლეობას. ასე რომ, სანქციები ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ მათგან გამოწვეული ზარალი გადანაწილდება არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობაზე, არამედ ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც იქ შრომითი მიგრანტები ჰყავს.

არჩვაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველო ორმაგად ზარალდება იმიტომ, რომ ქართველები უკრაინაშიც ცხოვრობენ და მათგანაც ნაკლები რაოდენობის თანხა შემოდის. როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო ომშია ჩართული, ბუნებრივია, მისი ეკონომიკაც სუსტდება და განვითარების პერსპექტივა უმცირდება. ამ სიტუაციაში კი, შრომითი მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობაზე უფრო მეტად ზარალდებიან, უმუშევრად დარჩენის რისკიც მათთვის უფრო მაღალია. რაც შეეხება ჩინეთს, სოსო არჩვაძის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩინეთმა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები გაატაროს. ამ ქვეყნებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ და ჩინეთი თავის ჩრდილოელ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველანაირად მოერიდება.

ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების 73 პროცენტი სამ ქვეყანაზე მოდის - რუსეთზე, საბერძნეთსა და იტალიაზე. ამ უწყების მონაცემებით, 2014 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 834,3 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 419,8 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების დაახლოებით 50, 3% რუსეთიდან გამოგზავნილი თანხა იყო. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, რუსეთი სხვა ქვეყნებს შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი ოდენობა თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოდან ემიგრირებული სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ანუ დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი ამ ქვეყანაშია დასაქმებული. შესაბამისად, მათი ოჯახები რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე არიან დამოკიდებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილებით ირჩენს თავს.

ხათუნა ჩიგოგიძე