„ძალიან მნიშვნელოვანია „აგრესიული ტესტირება“ - მოლაპარაკებები გვაქვს სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, რადგან მათ საუკეთესო გამოცდილება აქვთ"

ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „აგრესიული ტესტირება“. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვთ საუკეთესო გამოცდილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, მაგრამ საქართველოს ტესტების არჩევასთან დაკავშირებით, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ხარისხი შემოწმდეს, იმისთვის რომ გარკვეული გადაცდომები არ ჰქონდეს, რისი შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ჩვენთვის. და იქიდან გამომდინარე რომ მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი გვქონდეს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. შესაბამისად, გამარტივების გზით წასვლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული საფრთხე იმის, რომ დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში იყოს დიდი ცდომილება. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვირჩევთ ხარისხს და ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესია ტესტირების ხარისხი," - განაცხადა ტიკარაძემ.