დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 12 000 საწოლია, რომელიც სერიოზული მატების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრისა და კერძო კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კერძო კლინიკების ჩართვის გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვით ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე 500-600 საწოლამდე სახელმწიფო კლინიკებიდან გამოიყოფა, ხოლო მეორე ეტაპზე 2-3 ათასი კერძო კლინიკებიდან, რაც ეტაპობრივად გაიზრდება.
,,გვქონდა შეხვედრა კერძო სექტორის კლინიკებთან, ძალიან კარგი საუბარი იყო და ყველამ გამოთქვა ძალიან მაღალი სოლიდარობის მზაობა. იცით, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში პირველ დარტყმას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები: გორის ჰოსპიტალი, საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური კლინიკა და წამყვანი ინფექციური საავადმყოფოები. თუ გახდა საჭირო მეორე ეტაპზე და გახდება, მეორე ეტაპზე პაციენტებს დიდი კერძო კლინიკები მიიღებს, სადაც სრული მზაობაა, მათ აქვთ სრული აღჭურვილობა და შესაბამისი ადამიანური რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს ამ ჰოსპიტალების ეტაპობრივი გამოყენების გეგმას და დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა დღეს და ხვალ იქნება. ისინი მუშაობენ ინდივიდუალურად დიდ ქსელურ ჰოსპიტალებთან. ზოგადად ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 12 000 -მდე საწოლი, რომელიც სერიოზული მატების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. სწორედ ამისთვის არის ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა 500-600 საწოლამდე სახელმწიფო კლინიკები, მეორე ეტაპზე 2-3 ათასი კერძო კლინიკები და შემდგომ კიდევ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.