სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
პირველადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი და შაქარი და ლობიო.
აღნიშნულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ეხმაურება.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თითოეული ამ დასახელების პროდუქტს ყავს სხვადასხვა მომწოდებელი, ასევე განსხვავებული ხარისხი, წარმომავლობა და საცალო ფასი. "გამოიკვეთა 8 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი და შაქარი". ჰოდა, კერძოდ რომელი ფასების დაზღვევაზეა საუბარი და რის ხარჯზე? რაც მეტ ეკონომიკურ პასუხისმგებლობას აიღებს თავზე სახელმწიფო - მით ღრმა კორუფციასა და დეფიციტში აღმოვჩნდებით! პოლიტ-ბიუროკრატიას სწორედ ეს უნდა,“- წერს შეშელიძე.