3 თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხებზე პროცენტის დარიცხვის საკითხს საბანკო სფეროს ექსპერტი დავით კიკვიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გამოვეხმაურო საბანკო სექტორის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, რატომ არ ხდება პროცენტის დარიცხვის შეჩერება, რომ ამით ბანკები გვაგოიმებენ და ფულს აკეთებენ, ვეცდები მარტივად ავხსნა:
საშეღავათო პერიოდი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო;
როგორც ჩვენ გვაქვს ბანკების ვალი, ანალოგიურად ბანკებს აქვთ ჩვენი ვალი (დეპოზიტარების სახით და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით), შესაბამისად არც ბანკებს უჩერებენ პროცენტის დარიცხვას;
იმის მაგივრად, რომ ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ მოგვიწიოს ფულის სესხზე შეტანა, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს ფული ოჯახს მოვახმაროთ;
ამ 3 თვის განმავლობაში ბანკებს ფაქტობრივად, უნულდებათ შემოსავალი, რადგან ბანკების შემოსავლის ძირითადი ნაწილი მოდის სასესხო შენატანებზე, მიუხედავად ამისა ბანკები აგრძელებებ ხელფასების გაცემას და ყველა იმ საოპერაციო ხარჯის გაწევას, რაც აქამდე ჰქონდათ;
საბანკო სექტორი თითოეულ შემოსულ და გასულ ლარზე იხდის ე.წ რეზერვებს, და ეს ყველაფერი არის საკმაოდ რთული ფინანსური სისტემის შემადგენელი ელემენტი და ასე მარტივად სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია;
კიდევ ბევრი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო, უბრალოდ ძაან გრძელი პოსტი გამოვა. პ.ს მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს საბანკო სექტორი და ფინანსური სისტემა, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში გაუთვითცნობიერებელი განცხადებებით, მაგას ჯობია დარჩით სახლში და ხელები ხშირად დაიბანეთ,“- წერს კიკვიძე.