კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად საფრანგეთი უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრებს ხსნის. Euronews-ის ინფორმაციით, პარიზში ამჟამად 2 ასეთი ცენტრი შენდება, რომლებიც ჯამში 300 ადამიანზე იქნება გათვლილი.
საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის თითოეულ რეგიონში მინიმუმ ერთი ასეთი ცენტრის გახსნას გეგმავს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ცენტრებში 3 000-მდე ადგილი იქნება, სადაც უსახლკაროები თვითიზოლაციაში დარჩენას შეძლებენ.
„უახლოეს მომავალში ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება და ეპიდემიის დასრულებამდე მასში დარჩენას ის პირები შეძლებენ, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ“-აცხადებენ საფრანგეთის სოციალურ დაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საფრანგეთმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვარი 30 დღის განმავლობაში ჩაკეტა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები და გადაიდო ადგილობრივი არჩევნები.
ბოლო მონაცემებით ვირუსს საფრანგეთში 264 ადამიანი ემსხვერპლა, 9 000-ზე მეტი კი დაინფიცირდა.