ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავდივართ ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს. ჩვენ, თავის დროზე, შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შეცველები ვირუსის გარედან შემოტანის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები. უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია: ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,“ - განაცხადა გახარიამ.