თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

2020 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით გაიზარდა.

„საქსტატის“ ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე (-1.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (-1.7 პროცენტი).

„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.71 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე (12.6 პროცენტი);

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 19.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.24 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით და შესაბამისად ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსზე -0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი