„სასტუმროების დიდი ნაწილი ყოველდღიურად იხურება“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში ბიზნესი ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც სასტუმროების დახურვის გამო უმუშევრები დარჩნენ, დროებით დაასაქმონ.
„მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან ბევრი ობიექტი/რესტორანი დაიხურა, ონლაინ შეკვეთებზე გადავიდა და მიტანის სერვისით ახორციელებენ საქმიანობას. ამასთან, ყოველდღიურად სასტუმროების დიდი ნაწილი იხურება. მინდა მადლობა გადავუხადო კარფურის მენეჯმენტს, სადაც ჩემი 53 თანამშრომელი დასაქმდა დროებით, ასევე დამიკავშირდნენ ტატიშვილის კლინიკები და იქაც რამდენიმე ადამიანი დასაქმდა. გარდა ამისა, „ნიკორამ“ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პერსონალი ვინც ჩვენთან უმუშევარი დარჩა, მიიღებდნენ დროებით სამუშაოს. ეს სოლიდარობა გადამდებია და იმედი მაქვს ბიზნესები ასე დაეხმარებიან ერთმანეთს,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.
ასევე მოქალაქეთა დროებით დასაქმების შესახებ სმს-შეტყობინებები გაავრცელა „სპარმაც“.