კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს.

„ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი.

ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში.

ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ტიკარაძემ.