„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად, მთავრობამ ეკონომიკის სფეროში აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული გეგმა, 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების შესახებ, საყოველთაო უნდა იყოს და მისი გაცემა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე არ უნდა მოხდეს.
„ამ სფეროში იყო რამდენიმე ინიციატივა, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას აქვს ორი მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი ნიშანი. პირველი არის საყოველთაობა - ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა ოჯახს საქართველოში გარდა იმ ოჯახებისა, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია, უნდა გადაეცეს 120 - ლარიანი კომუნალური ვაუჩერი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რომელიც ტრადიციული დახმარების ჯგუფია, არამედ იმ საშუალო კლასის ათასობით ოჯახს, რომელიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და არ იცის, ხვალ სამსახური და შემოსავალი ექნება თუ არა. ამიტომ, საყოველთაობა და ყველა ოჯახის დახმარება.
მეორე ნიშანი - არც ერთი ინიციატივა არ არის ღირებული, თუ არ არის მისი დაფინანსების წყარო. ჩვენ გვაქვს მკაფიო დაფინანსების წყარო, საპენსიო შენატანში რვა თვის შეჩერებით, იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც შეიძლება თითოეულ ოჯახში საქართველოში გაიცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია.
„აუცილებელია სოციალური დისტანცირება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მაგრამ რა ვუყოთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და რომლებსაც დანაზოგი არ აქვთ? საყოველთაო კომუნალური 120 ლარიანი ვაუჩერი არის საუკეთესო გამოსავალი, რომ ოჯახები გადავარჩინოთ ძალიან სერიოზული გაჭირვებისგან. ამით ძალიან ბევრ ოჯახის გადარჩენაა შესაძლებელი, რომელიც მძიმე კრიზისის დროს სახლში მარტო დარჩენილი ებრძვის ამ გაჭირვებას“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ მთავრობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი.