Tesla ამერიკის 2 ქარხანაში წარმოებას აჩერებს

კორონავირუსის გამო კომპანია Tesla ამერიკაში მოქმედ მის ორ ქარხანას აჩერებს. საუბარია ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შტატებში მდებარე ქარხნებზე. აღნიშნულის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია.

მასში აღნიშნულია, რომ კომპანიის ქარხნების ნაწილში მუშაობა ამ მომენტისთვის წარმოადგენს სირთულეს დასაქმებულებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მომწოდებლებისთვის.

„აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 23 მარტიდან დროებით შევაჩეროთ ავტომობილების წარმოება ფრიმონტის ქარხანაში (კალიფორნია). ხოლო ჩვენს ნიუ-იორკის ქარხანაში წარმოება შეწყდება დროებით ყველგან გარდა მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის მიწოდების განყოფილებებისა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ფრიმონტის ქარხანაში კომპანია ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო ნიუ-იორკის ქარხანაში მზის ელემენტების პანელებს.

Tesla-ში აცხადებენ, რომ მის სხვა დანარჩენ საწარმოებში, მათ შორის ნევადაში მდებარე ქარხანაში მუშაობა გრძელდება. ამასთან, კომპანია განაგრძობს სწრაფი დამტენი სადგურების ქსელის მომსახურებასაც.

კოკა კვირკველია