„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანია მზადაა, რომ მთავრობის თანხმობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნიდან შეასრულოს ჩარტერული რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.
მისი თქმით, ავიაკომპანია დროებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ევროპის ქვეყნებიდან.
„მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად. „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა და ხელშეწყობა იქნება. ასევე კომპანია მზადაა ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსაყვანად “, - აღნიშნა ბოკერიამ.