თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია უსახლკაროებისთვის სპეციალურ, დროებით თავშესაფრებს შექმნის.
როგორც კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით ამის საჭიროება არ დგას, რადგან ლილოში განთავსებული მერიის მუნიციპალური თავშესაფარი თითქმის ცარიელია.
„ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა განვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. სანამ მათი შესახლება მოხდება, განხორციელდება სრული შემოწმება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ.
თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ლილოს თავშესაფარი ცარიელია“, - განაცხადა კალაძემ.