ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით, განიხილება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი და ბარსელონა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
„საქართველოს მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი" დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან. აგრეთვე გვინდა აღნიშნოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე კომპანია მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
„ჯორჯიან ეარვეისი” პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და რა დროს. აგრეთვე გაცნობებთ, თუ ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობისგან, როგორც იტალიის შემთხვევაში მოხდა, მთავრობამ შეგვიკვეთა ჩარტერული რეისი, ჩვენ არ გაგვიყიდია ბილეთი, არ აგვიღია ერთი კაპიკი, ხარჯი დაიფარა თვითმფრინავის, ჩავფრინდით და ჩამოიყვანეს, იგივე ფორმატში, მზად ვართ 24 საათის განმავლობაში განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მთავრობის მითითებით ვაუქმებთ დროებით რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ მთავრობის დავალებით, ხელშეწყობითა და უზრუნველყოფით ჩარტერულ რეისებს, სადაც მიგვითითებს მთავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს, სად არის ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება ჩვენი მოქალაქეების, რომ უზრუნველვყოთ მათი ჩამოყვანა.
სავარაუდო მიმართულებებზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ალბათ, ეს იქნება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი. განიხილება ბარსელონაც. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს დამოკიდებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებასთან და ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნასთან, უზრუნველყოს ჩარტერული რეისების შესრულება”, - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია იძულებულია თანამშრომლების 95% უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.
„მაქსიმალურად შევეცდებით, მობილიზება გავუკეთოთ სახსრებს და ფინანსურ შემოსავლებს, იმისთვის, რომ ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგონ, არ დაიკარგოს ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიას ემსახურება და არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მაქსიმალურად ვეცდებით ყველა სხვა ხარჯი შევკვეცოთ და ეს ხალხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაბრუნოთ უკან. კომპანიას ფინანსურად აქვს ძალიან დიდი ზარალი, ისევე როგორც მთელს ინდუსტრიას და მთელს მსოფლიოს. ზარალი ჯერ შეფასებული და დათვლილი არ გვაქვს, მაგრამ 10 მილიონობით დოლარის ფარგლებშია”, - აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.