საახალწლო აქსესუარებისა და ილუმინაციისთვის ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყოფა

თბილისში საახალწლო აქსესუარებისა და ილუმინაციისთვის წელს ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ისეთ პროგრამებში ცვლილებების განხორციელებას, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეპროგრამა საახალწლო ილუმინაციისა და აქსესუარებისათვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებდა.

როგორც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თანხა კეთილმოწყობის სამსახურს გამოეყო, რომლითაც საახალწლოდ გათვალისწინებულია ილუმინაციების შეძენა თბილისის ცენტრალური ქუჩების გარდა გარეუბნების განათებისა და გაფორმებისტვის; დაახლოებით 5 ყინულის მოედანი მოეწყობა წინასაახალწლოდ თბილისში, მათგან ორი გლდანში; თბილისის ათივე რაიონში საახალწლო სოფლები გაკეთდება, სადაც საახალწლო ნობათი და პროდუქტები იაფ ფასებში გაიყიდება. ბაბუნაშვილის განცხადებით, 205 000 ლარიდან თანხა გათვალისწინებულია ასევე საახალწლო ღამეს ფოიერვერკის შესაძენად. მისივე განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისათვის დამტკიცებული თანხა წინა წლებთან შედარებით 70 000 ლარით მეტია.