სერვისების მიწოდება საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც არ შეიზღუდება  - ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის მუშაობაზე

"შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

ამ შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას. ბანკებს, სგს-ებს, მისოებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში",- ნათქვამია განცხადებაში.